ნორჩ ეკოლოგთა ტურნირი უფროსკლასელთა გუნდური შეჯიბრია, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს მოსწავლეთა უნარი გადაჭრან რთული ეკოლოგიური პრობლემები შესაბამისი ფორმით, გამოხატონ თავიანთი აზრი და შეძლონ ამ აზრის დაცვა მეცნიერული დისკუსიის დროს (რასაც "ეკოპაექრობას" უწოდებენ.)
ეკოლოგიური ტურნირი მოსწავლეთა ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესების ეფექტური საშუალებაა. ტურნირის პროცესი მოიცავს მეცნიერული განათლების მნიშვნელოვან ელემენტებს და ავითარებს დისკუსიის დროს საკუთარი აზრის გამოთქმისა და მისი დაცვის ჩვევებს. ტურნირი ატარებს სპორტული თამაშის ხასიათსაც, რაც მას მეტ მიმზიდველობას ანიჭებს.
საქართველოში ტურნირი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი რეგიონალურია და წარმოადგენს შესარჩევ ტურნირს. მეორე ეტაპი საერთაშორისოა და საერთაშორისო ეკოლოგიურ ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულ სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელ მოსწავლეთა გუნდებს.
ნეტ-ის საორგანიზაციო კომიტეტი (სკ)
არის ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ნორჩ ეკოლოგთა რეგიონალურ და საერთაშორისო ტურნირს. იგი აყალიბებს ჟიურს, რომლის შემადგენლობაში იწვევს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის გამოცდილება, ადგენს ეკოტურნირის ამოცანების ბანკს. ამოცანის ფორმულირება წარმოებს ნეტ-ის სკ-ს მიერ და ეგზავნებათ მონაწილე გუნდებს ტურნირის დაწყებამდე რამოდენიმე თვით ადრე. ყოველი გუნდი შედგება 7-8 უფროსკლასელისაგან, რომელთა ასაკი არ აღემატება 18 წელს. სკ-ს შეუძლია ტურნირში დაუშვას გუნდი, რომელიც შედგება 4 ან 5 უფროსკლასელისაგან. ტურნირის მსვლელობის პროცესში გუნდის შემადგენლობა უცვლელია. გუნდს ჰყავს კაპიტანი, რომელიც არის მისი ოფიციალური წარმომადგენელი ეკოპაექრობის დროს. გუნდს თან ახლავს ერთი ან ორი მასწავლებელი (ლიდერი).
სკ ახდენს ნეტ-ის ჩატარების ორგანიზებას და იწვევს მოთამაშე გუნდებს.